პერსონალური გამოფენა ,,გუშინ, დღეს, ხვალ..“
2013 წლის 12 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა თვითნასწავლი მხატვრის, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტის და პედაგოგის, მედიცინის დოქტორის ნანა გუმბარიძის ნამუშევართა პირველი პერსონალური გამოფენა: ,,გუშინ, დღეს, ხვალ..“.
ვერნისაჟზე წარმოდგენილი იყო ავტორის მიერ ბოლო წლებში შესრულებული 50-მდე ფერწერული ნამუშევარი.
გამოფენა შესავალი სიტყვით გახსნა წმ. თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა არქიმანდრიტმა ადამმა. მან ისაუბრა ადამიანისთვის ღვთისაგან ბოძებული ნიჭის შემდგომი განვითარების აუცილებლობაზე, დალოცა მხატვარი და უსურვა შემოქმედებითი წარმატებები, მომავალში უფრო მასშტაბური და თემატურად მრავალფეროვანი გამოფენის მოწყობა.
გულთბილმა ატმოსფერომ მხატვრის ნამუშევრებზე თავისი აზრის გამოთქმის სურვილი ბევრ ადამიანს გაუჩინა. მათ შორის იყვნენ ცნობილი პოეტები ემზარ კვიტაიშვილი და თემურ ჩალაბაშვილი, ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომელი, ქალბატონი ნაილი ასანიძე და მხატვრის დეიდა ქალბატონი ლამარა ჩიხლაძე.
გამომსვლელებმა ქალბატონ ნანა გუმბარიძის შემოქმედებაში ორი პერიოდი გამოყვეს: პირველი, როდესაც იქმნებოდა მხოლოდ ნატურმორტები, პეიზაჟები და პორტრეტები, და მეორე, როდესაც გამოჩნდა ახალი თემატური მოტივები – ფერწერული ხატები და სახარებისეული სიუჟეტები.
დამსწრე საზოგადოებამ აღფრთოვანებით მიიღო არქიმანდრიტ ადამის განცხადება ჩვენს უნივერსიტეტში სამხატვრო სტუდიის დაარსების შესახებ. აღნიშნული სტუდია ბევრ ნიჭიერ მხატვარს გაუკაფავს გზას ხელოვნებაში.
ვერნისაჟის დასასრულს ნანა გუმბარიძემ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა, მხარდაჭერისა და გულითადი მოლოცვებისთვის.
გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში 15 სექტემბრამდე გასტანს.