საქართველო იუნესკოს მიმართავს, რომ ქართულ-ებრაული
26–საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობა, როგორც არამატერიალური
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საერთაშორისო დონეზე აღიაროს
ქართულ–ებრაული მეგობრული ურთიერთობები, რომელიც უკვე 26 საუკუნეს ითვლის, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა ნაციონალურ დონეზე საქართველოს მთავრობამ. საზეიმო ღონისძიება ამასთან დაკავშირებით გუშინ დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმში გაიმართა.
მუზეუმის ხელმძღვანელმა გივი ღამბაშიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და სხვა სტუმრებს მუზეუმი დაათვალიერებინა. „ჩვენი უდიდესი სიმდიდრეა, რომ ქართულ მიწაზე პირველი ებრაელები 26 საუკუნის წინ დასახლდნენ და მას შემდეგ ჩვენ ერთობლივად ვქმნით ჩვენს საერთო კულტურულ მემკვიდრეობას და ვამდიდრებთ როგორც ებრაულ, ისე ქართულ კულტურას“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ღონისძიებაზე.
პრემიერის შეფასებით, ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი მეგობრობის აღიარება არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად და ეროვნულ კატეგორიაში მისი გადაყვანა ყველა ქართველისთვის და ყველა ებრაელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს არის ჩვენი საერთო ზეიმი. გამორიცხულია, 26-საუკუნოვანი მეგობრობა არსებობდეს უდიდესი სიყვარულის გარეშე. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში არ ყოფილა და არ არის ანტისემიტიზმი, საქართველოში გაცილებით მეტი რამ ხდება, ვიდრე ანტისემიტიზმის არარსებობაა — ორ ერს შორის არის უდიდესი სიყვარული და განვლილი ამხელა პერიოდი ამაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, ეს სიყვარული ყოველთვის იყო ორმხრივი და ამის თვალსაჩინო დასტურია კულტურულ-საგანმანათლებლო და რელიგიური კერების არსებობა წმინდა მიწაზე“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი შაბთაი ცური, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, "ისრაელის სახლის" ხელმძღვანელი ბატონი იციკ მოშე, კულტურის, ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროს ცნობილი წარმომადგენლები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამ ახალაძე და უნივერსიტეტის საქმისწარმოებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის კურატორი ირინე ბიბილეიშვილი.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ქართველებისა და ებრაელების მეგობრობაში დიდი წვლილი შეიტანა, მათ შორის სპორტულ კომენტატორს, ქართველ ებრაელს ჯამლეტ ხუხაშვილს, ვისი საქმიანობაც ამ მეგობრობის თვალსაჩინო მაგალითია.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე მიმართა იუნესკოს თხოვნით, რომ ეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საერთაშორისო დონეზე აღიაროს.
„მნიშვნელოვანია, ხვალ უკვე არ ვისაუბროთ 26-საუკუნოვან მდიდარ ისტორიაზე, არამედ დღევანდელი დღე გახდეს დასაბამი შემდგომი კიდევ უფრო ღრმა, კიდევ უფრო ლამაზი და გამდიდრებული ორმხრივი მეგობრობისა. ძალიან დიდი სიხარულით გილოცავთ ყველას ამ დღესასწაულს“, – აღნიშნა პრემიერმა.
საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნებს შორის წარმოებს მუდმივი პოლიტიკური დიალოგი; ისინი თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.