კაცი-გაკვეთილი. შიმონ პერესი
ქალბატონმა ცისანა ჯანაშვილმა ახლახანს დაასრულა შიმონ პერესის პორტრეტი, რომელიც, როგორც თავად ბრძანებს, უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით ხატა, და ეს არაჩვეულებრივი ნამუშევარი საჩუქრად გადმოსცა ჩვენს უნივერსიტეტს. ჩემი სიტყვა სამადლობელი ვერ იქნება მხოლოდ, ზუსტად ისე, როგორც ამისთანა პორტრეტი არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ საჩუქრად. ეს სიმბოლოა! ეს რაღაც დიდის სიმბოლოა, რომელსაც მომავალი დაარქმევს სახელს უზუსტესად!
დღევანდელი მსოფლიო წინააღმდეგობრივია, როგორც არასდროს: ყველა ყველას წინააღმდეგ!
ხმამაღლა გაიძახის, რომ თურმე არსებობს მხოლოდ მისი – სახელმწიფოს, ერის, ადამიანის – მარადიული ინტერესები და არა მარადიული მეგობრებიო, და არავის არ რცხვენია.
რას იზამ, ეგ მაგის ბიზნეს-ინტერესიაო, ვიმეორებთ და ვამართლებთ ათასგვარ უგვანობას, არაკაცობას, სისაძაგლეს.
ამგვარ მსოფლიოს ბევრი რამ სჭირდება ამაღლებული, კეთილშობილური, ჭეშმარიტად ჰუმანისტური! ესეც – დავანახოთ ქართველ ქართველთა და ქართველ ებრაელთა ძმობის ამბავი! ამგვარ მსოფლიოს სჭირდება ვუჩვენოთ ჩვენი მეგობრობის მარადიულობა!
დიახ, ჩვენთვის – ქართველ ქართველთა და ქართველ ებრაელთათვის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მარადიული ძმობა არსებობს და ჩვენი ყველა ინტერესი ამ ძმობის გამოცდასა და სიწმინდეს უნდა უძლებდეს!
როდესაც შიმონ პერესის უნიკალური პიროვნება გამოვარჩიე, მასში დავინახე მშობელ ქვეყანაზე შეყვარებული იმისთანა მამულიშვილი, რომლის გულისძგერა ბიძინა ჩოლოყაშვილისა და ილია ჭავჭავაძის გულთაცემას ერითმებოდა, ეთანხმებოდა და მათთან ერთად მომიწოდებდა ერთი წუთითაც რომ არ მქონდა უფლება, მეცხოვრა სამშობლოს ჭირისუფლობის თვინიერ!
შიმონ პერესისნაირი ადამიანები ისე მაღლდებიან, ისეთი მასშტაბურნი ხდებიან, ისეთი ბუმბერაზები, რომ არ შეუძლიათ არ იზრუნონ მთელს კაცობრიობაზე, არ იწუხონ თითოეული ქვეყნის ბედზე, არ გახდნენ მეგობრები ყველა იმ კაცისა, მოსვენებას რომ ვერ პოულობს, სანამ დედამიწაზე თუნდაც ერთ რომელსამე ადგილას ვინმე იჩაგრება, დამონებულია და გაძარცული, ტირის, შიმშილობს, კვნესის და ოხრავს.
შიმონ პერესები მოდიან და გამხნევებენ, გასწავლიან, მოგიწოდებენ იმ სიტყვებით, რაც მაშინ თავისიანებს უთხრა, და შენს წინ ახალი ჰორიზონტები იშლება.
განა შეიძლება დაივიწყო ეს სიტყვები?!
„ადამიანები უნდა გამხდარიყვნენ მამაცები და უშიშარნი. მათ უნდა გაეგოთ, რომ ჩვენ არჩევანი არ გვქონდა… ჩვენ მხოლოდ უნდა გაგვემარჯვა. ერთხელაც რომ დავმარცხებულიყავით, მორჩა!
რატომ გიყვებით ყველაფერ ამას?!
დღემდე ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს ვეუბნები: მეგობრებო, თქვენ გაცილებით მეტი გაქვთ, ვიდრე ფიქრობთ. ნუ იქნებით ზარმაცები ! თქვენ გაქვთ გაცილებით მეტი, ვიდრე მიწას შეუძლია შემოგთავაზოთ. შეგიძლიათ შექმნათ ისეთი რამეები, რაც თქვენ აქამდის არ მოგცემიათ.
ეს გაკვეთილია ყველასთვის!“
ეს შიმონ პერესია – კაცი-გაკვეთილი!
და ნუთუ ვინმეს ეყოფა გამბედაობა და მეტყვის, რომ სწორედ შიმონ პერესი არ არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული ქართველი ქართველი და ქართველი ებრაელი!
მადლობა, ბატონო შიმონ!
მადლობა შენი ცხოვრებისთვის!
მადლობა შენი გაკვეთილებისთვის!
მადლობა, რომ მიიღე ჩემი მოპატიჟება და ამ დიდებული პორტრეტის სახით კიდევ ერთხელ შემოაბიჯებ ჩვენს საქართველოში და ჩვენი თამარ მეფის უნივერსიტეტში!
მადლობა, რომ ერთად გვაქმნევინებ მომავალს ქართველ ქართველებსა და ქართველ ებრაელებს!
მადლობა!
მომავალ შეხვედრამდე!
მამა ადამ ვახტანგ ახალაძე
თბილისი.
12 მარტი, 2018.