აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

საერთაშორისო კონფერენციის სესიების მუშაობა

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე მუშაობდა 3 სექცია: 1. რელიგია და მეცნიერება; 2. ეკლესია და სახელმწიფო; 3. რელიგიური წინამძღოლი და საზოგადოება.

კონფერენციის მიზანი გახლდათ, ეს საკითხები განხილულიყო ინსტიტუციური სეკულარიზმის კონტექსტში. ჯანსაღი სეკულარიზმი ხელს უწყობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში რელიგიიის მშვიდობიმსყოფელი როლის წარმოჩენას. ამის საწინააღმდეგოდ, მსოფლმხედველობრივი სეკულარიზმი, მიაკუთნებს რა რელიგიას პიროვნების კერძო სფეროს, იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას და საფუძველს უქმნის რელიგიურ ფუნდამენტალიზმს. 

პირველი სესიის მუშაობას უძღვებოდა ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი მამა ადამ ახალაძე და პროფესორი დანიელ ფონ ვახთერი (ლიხტენშტეინი).

ამავე სესიაზე არქიმანდრიტი ადამი საზოგადოების წინაშე წარსდგა მოხსენებით „მსოფლგაგებათა სარწმუნოებრივი, ფილოსოფიური, მეცნიერული, ემპირიული და მხატვრული განზომილებანი“. 

თავის გამოსვლაში მამა ადამმა თქვა: „მართებული მსოფლმხედველობა სულაც არ გულისხმობს მსოფლმხედველობის დიქტატს, პრიმატს ან მის სრულყოფილებას, არამედ მეთოდოლოგიურ გამართულობას. აკი მსოფლმხედველობა განსაზღვრავს ინდივიდუუმისა და სოციუმის აზროვნებას, მის სოციალურ და ფსიქოლოგიურ განწყობებს. თავისუფალი სოციუმი ირჩევს აქტიურ საზოგადოებრივ პოზიციას, ხოლო მონობას შეგუებული – პასიურს. რაც უფრო მრავლისმომცველია მსოფლმხედველობა, რაც უფრო ფართოა რეალობის აღქმის ჰორიზონტები და რაც უფრო თავისუფალია ადამიანის ცნობიერება, მით უფრო მასშტაბურად, მით უფრო გლობალური კატეგორიებით აზროვნებს და სუნთქავს ასეთი სოციუმი. ხოლო, თუ სოციუმის აზროვნების ჰორიზონტები პირადი ცხოვრებისა და ინტერესების ჩარჩოებითაა ჩანაცვლებული, ეს მიგვითითებს თავისუფლებიდან მონობისკენ მიმართულ ტენდენციებზე. თავისუფალი და სულიერი სრულყოფილებისკენ მსწრაფი ინდივიდუუმიცა და სოციუმიც ფლობს ძალას, იაზროვნოს ქვეყნის, პლანეტის, სამყაროს მასშტაბებით! თუ ასეთი ადამიანები არიან ქვეყანაში, თუ ასე სუნთქავს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი (სოციუმი), ასეთ ქვეყანასა და ერს (ხალხს) დიდი მომავალი ექნება – იგი აღასრულებს თავის ისტორიულ მისიასაც და სულიერ მისიასაც“.

 

Created by Joomla.ge