ქრისტიანული ეკლესიები საუკუნეების განმავლობაში
11–12 სექტემბერს ქ. კონსტანცის (რუმინეთი) ოვიდიუსის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქრისტიანული ეკლესიები როლი და ინსტიტუციონალიზაციის ფორმები საუკუნეების განმავლობაში. მოსაზრებანი და შეფასებანი“.
სიმპოზიუმის ორგანიზატორები გახლდნენ: რუმინელ მეცნიერთა აკადემია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, სილეზიის უნივერსიტეტი (ქ. კატოვიცე), სკოპიის წმ. კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტი (მაკედონია), კრაკოვის პონტიფიკალური უნივერსიტეტი (პოლონეთი), კონსტანცის ოვიდიუსის უნივერსიტეტის რელიგიისა და კანონიკურ-სამართლებრივ სწავლებათა და სამი მონოთეისტური რელიგიის კვლევის ცენტრი, ტომისის ეპარქია – არქიეპისკოპია (ქ. კონსტანცა, რუმინეთი).
საუკუნეთა განმავლობაში ეკლესიაში დამკვიდრდა ინსტიტუციონალიზაციისა და ხელმძღვანელობის სხვადასხვა ფორმები, რასაც საფუძვლად დაედო როგორც კანონიკური საკანონმდებლო აქტები, ასევე სახელმწიფოთა მიერ განხორციელებული სამართლებრივი ღონისძიებები ეკლესიათა მიმართ. ყველაფერმა ამან კი ასახვა ჰპოვა ნომოკანონიკურ კორპუსში, რომელიც ცნობილი იყო ევროპული სივრცის სხვადასხვა რეგიონში.
სიმპოზიუმზე წარმოდგენილმა მულტიდისციპლინურმა კვლევებმა ამ მიმართულებით შესაძლებლობა მოგვცეს დღის სინათლეზე გამოგვეტანა ეკლესიების ისტორიის – მათი ცხოვრებისა და ფუნქციონირების უმნიშვნელოვანესი ეკლესიოლოგიური, კულტურული, სამართლებრივი, სოციოლოგიური, კანონიკური და სხვა ასპექტები:
1.ევროპისა და კავკასიის ეკლესიების ისტორიის ფურცლები: კულტურა და სულიერება.
2.ეკლესიები ევროპასა და კავკასიაში; მათი ორგანიზაციისა და წინამძღვრობის ფორმები.
3.საეკლესიო და სახელმწიფო კანონმდებლობა ეკლესიის შესახებ ევროპასა და კავკასიაში.
4.რუმინეთის, საქართველოს, პოლონეთისა და სერბეთის სახელმწიფოებსა და ეკლესიებს შორის ურთიერთმიმართებათა სამართლებრივი და კანონიკური საფუძვლები.
5.ეკლესიების ცნობილი მოღვაწეთა (იერარქთა, ღვთისმეტყველთა, სასულიერო პირთა, ქტიტორთა და ა. შ.) ცხოვრებისა და მემკვიდრეობის მნიშვნელობის გადააზრება.
6.საეკლესიო მწერლობა (ისტორიული, საღვთის მეტყველო, კანონიკური, ნომოკანონიკური, სოციალურ–პოლიტიკური და სხვ.) და ხელოვნება (ხატწერა, მხატვრობა, მუსიკა, ქანდაკება და სხვ.) ევროპულ და კავკასიურ რეგიონებში
7.ეკლესიის სოციალური როლი დღეს.
სიმპოზიუმის მასალათა შორის გამოქვეყნებულია ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომლების – არქიმანდრიტ ადამ ახალაძის, პროფესორ გრიგოლ სულაბერიძის, პროფესორ ქეთევან პავლიაშვილის, ლაშა ჩეკურიშვილის მოხსენებათა თეზისები.