ე ს ს ა გ უ ლ ი ს ხ მ ო ა ! ! !
პანდემიის ვითარებაში დაწერილი ღია წერილი
ღრმად პატივცემულო კოლეგებო!
აღარაა დუმილისა და "ჯერ სხვამ იყვიროს" დრო! მოგმართავთ, ვინაიდან უკვე ვართ პანდემიის პირობებში ჩვენც და მთელი მსოფლიოც. იქნებ დავფიქრებულიყავთ, რამდენად ღირს დღევანდელი შეკრება – ერთ სივრცეში რამდენიმე ათეული ადამიანის თავმოყრა!
მ ე გ ო ბ რ ე ბ ო, ცხადია, ეს წერილი საზოგადოებრივი და სახელმწიფო დაფიქრებისკენ მოწოდებაა და არა ერთი კონკრეტული შემთხვევის შეფასება. დასკვნები უნდა გავაკეთოთ ყველამ – ეს სასიცოცხლოდაა აუცილებელი!!!
აი, განცხადება, რომელმაც დამაფიქრა:
***
ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციული ზომების ღონისძიებების გათვალისწინებით, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაგეგმვასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 12 მარტს XX:XX საათზე გაიმართება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მოქმედ რექტორთა საბჭოს სხდომა.
***
უახლოეს წარსულში მოგზაურობის ისტორიის გამოკითხვა აუცილებელია, მაგრამ მისი დამამძიმებელი გარემოებების – ჩინეთში, იტალიაში, ირანში და ა. შ. ყოფნის – არარსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ რომელიმე ჩვენგანი არ წარმოადგენს რისკს.
ვირუსი არ გვიმხელს მისი გადაადგილების ყველა მარშრუტს! ამგვარ შეკრებებზე ვერც ხელის ჩამორთმევას აცდები, ვერც ტრადიციულ მხარზე მთხვევებს, ვერც გადმოჩურჩულებას (სახის სახესთან მიახლოებას) და ვერც იმას მოითხოვ, ერთ მეტრზე ახლოს არავინ მომეკაროსო!
პრევენცია, როგორც წესი, იმგვარ ღონისძიებებს გულისხმობს, რომლებიც ჩვეულებრივი ობივატელისთვის მხოლოდ აკრძალვებია, ხოლო პროფესიონალებისთვის – განუხრელად მისაღები ზომები.
საკმარისია, კარგად დავფიქრდეთ, რომ გვაქვს ორი მაგალითი – ჩინეთი განუხრელად კლებადი და იტალია სულ უფრო მზარდი გავრცელებით ახალი ვირუსისა. ჩინეთი – ბეჯითი პროფილაქტიკოსი და პრაგმატიკოსი, იტალია – ემოციური, ნაკლებად პედანტური და დაგვიანებული, თუმცა ყოველთვის მომღიმარი, თბილი და კეთილის მსურველი.
კიდევ ერთი ფაქტორი – უნდა შევხედოთ ღირებულებათა იერარქიული სისტემის თვალსაზრისიდანაც. ჩვენი შეკრება ემსახურება განათლების პრობლემების მოგვარებას, ხოლო CoVID-19-ის პრევენცია – ადამიანთა სიცოცხლის საფრთხეების თავიდან აცილებას. განათლება და სიცოცხლე ცხადია სხვადასხვა იერარქიული საფეხურის ღირებულებებია!
ასევე ჩვენი რეკომენდაციაა – სიტყვა "არდადეგების" გამოყენების აკრძალვა დღევანდელი პანდემიის კონტექსტში!!! საბავშვო ბაღების, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების აღსაზრდელებსა და მოსწავლეებს არდადეგები კი არ აქვთ, არამედ ეს დაწესებულებები დაკეტილია, რათა თავიდან ავიცილოთ პოტენციურად გადამდები კონტაქტები. ამიტომ, თუ არ გავაფრთხილებთ და არ ვასწავლით სწორად ქცევას საზოგადოებას, მშობლებს, პედაგოგებს და ბავშვებს ამ პერიოდში ვატარებთ კაფეებში, სათამაშო მოედნებზე, ცეკვის თუ სპორტულ წრეებზე, ძიძებთან ან ნათესავებთან (ბებიებთან და ა. შ.) , რომლებიც ერთად მოუყრიან თავს სხვადასხვა ოჯახების შვილებს, ხოლო სტუდენტები ივლიან ბარებსა და დისკოტეკებზე ან თავშეყრის სხვა ადგილებზე, ცხადია, ჩვენ მიერ განხორციელებული დროული დაკეტვა საგანმანათლებლო დაწეხებულებებისა ვეღარ იქნება ისე ეფექტური, როგორც ველოდით.
სათქმელი ბევრია. მაგალითად ის, რომ მარტო მოსწავლეების კი არა, მასწავლებლებისა და მშბლების თავშეყრაც არ უნდა მოხდეს!
თუ საჭიროება შეიქნა ან გაჩნდა კითხვები გიპასუხებთ ონ–ლაინ ან ტელეფონით.
ვწერ არა მხოლოდ როგორც რექტორი ან სასულიერო პირი, ან მოქალაქე, არამედ როგორც ჯანდაცვის ორგანიზაციის, სოციალური ჰიგიენისა და ბიოეთიკის სპეციალისტი.
ვწერ იმ დაკვირვებებისა და მცირე მოკვლევის შემდეგ, რაც მოვახერხე ამ დღეების განმავლობაში.
ვწერ მხოლოდ იმას, რასაც ვასწრებ, რათა დროულად გამოვაქვეყნო შეტყობინება – დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს ამ სიტუაციაში.
გმადლობთ.
ღმერთმა დაიფაროს საქართველო და მისი ხალხი!
უფალმა გადაარჩინოს ჩვენი პლანეტა დედამიწა და მთელი კაცობრიობა!!!
კვლავაც გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას.
მამა ადამი, ლოცვითა და სიყვარულით