გამოვიდა "ქართული ალმანახის" პირველი ნომერი
ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით, თამარ მეფის უნივერსიტეტის და მიხეილ ახალაძის ფონდ – „მამაშვილობის“ ორგანიზებით დაიბეჭდა და გამოიცა "ქართული ალმანახის" პირველი ნომერი.
„ქართული ალმანახი“ გახლავთ სამეცნიერო, ლიტერატურული, ფილოსოფიური, ხელოვნებათმცოდნეობითი გამოცემა, რომლის მიზანია მკითხველს გააცნოს როგორც ქართული, ისე მსოფლიო აზროვნებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის აქამდე უცნობი ნიმუშები; მოიპოვოს და გამოამზეუროს არქივებში დაბუდებული საინტერესო დოკუმენტები, მემუარები, დღიურები, ხელნაწერები. აქ ქვეყნდება როგორც ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები, ასევე თარგმანები, ესსეები, მეცნიერული კვლევები.
ამავე ნომერში გამოქვეყნდა გოეთეს „ფაუსტისა“ და სემიუელ კოლრიჯის „მოხუცი მეზღვაურის სიმღერის“ თარგმანები, ჭაბუა ამირეჯიბის, ესმა ონიანის, თამაზ ჭილაძის, ემზარ კვიტაიშვილის, მამა ადამ ახალაძის, მანანა ჩიტიშვილის პროზაული და პოეტური ნაწარმოებები; ასევე წარმოდგენილია ლაურა გრიგოლაშვილის, თეიმურაზ დოიაშვილის, ნათია სიხარულიძის წერილები, თამაზ ჩხენკელის, რევაზ სირაძის, დავით წერედიანის ესსეები, მარტინ ჰაიდეგერის, ზბიგნევ ჰერბერტის, გურამ აბრამიშვილის, ნათელა აფხაიძის, ზაზა წურწუმიას, ინგა ღუტიძის სტატიები.
გამოცემას ამშვენებს საინტერესო რუბრიკები: „წიგნის მუზეუმი“, „მანუსკრიპტორიუმი (ხელნაწერთა კოლექცია)“, „Ars Musica”, “ლხინი მხატვრის სახელოსნოში“.
მთავარი რედაქტორია არქიმანდრიტი ადამ ახალაძე; სარედაქციო კოლეგიის წევრები – ემზარ კვიტაიშვილი, დავით წერედიანი, ბერნარ უტიე, ლეილა გეგუჩაძე; გამოცემაზე მუშაობდნენ: სტილისტ-რედაქტორი ელენე სარალიძე, მხატვარი გოგი წერეთელი, არტრედაქტორი ირაკლი ოქიტაშვილი.