აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ახალი კორონავირუსის საფრთხის პირისპირ

covid19

თქვენს წინაშეა სახელდახელოდ დაწერილი ტექსტი და არა მთელი ჩემი მრავალმხრივი და მრავალშემადგენლიანი პოზიციის სრულყოფილი ვერსია განსახილველ საკითხზე. ამიტომ – ნურც საკამათოდ გამოიყენებს ამ წერილს ვინმე და ნურც საჩხუბრად! მით უმეტეს, რომ, თუმცა ახლა მკითხველის წინაშე ფეისბუკ– ან სხვა ინტერნეტ–, ან სულაც  საგაზეთო პუბლიკაციაა, თავდაპირველი ვერსიის ადრესატები ძირითადად ჩემი ახლობელი ადამიანები, ნაცნობები, კოლეგები, ჩვენი მრევლის წევრები და მეგობრები იყვნენ, რომელთაც აინტერესებდათ ჩემი მოსაზრებანი. ამჟამად კი წაკითხვის საშუალება ბევრად მეტს მიეცემა, რაც კარგი უნდა იყოს: იქნებ მეტმა ადამიანმა იპოვოს აქ რაიმე სასარგებლო, იმედისმომცემიც, გამომაფხიზლებელიც, სიყვარულისა და სიკეთის გამღვივებელიც... 

ახლა კი მთავარი სათქმელი: სიფრთხილე, სიმშვიდე და რეკომენდირებული ჰიგიენური წესების განუხრელი დაცვა – აი, რა შეამცირებს რისკებს, რომლის წინაშე კაცობრიობა დადგა ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო!

ვირუსი ადვილად როდი ცნობს საზღვრებს; არც ინფექციური სნეულებების სხვა გამომწვევები! არც ადამიანებს არჩევს იგი რაიმე ნიშნით, ამას ადასტურებს ის, რომ დაავადებულთა შორის ის ექიმებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც არ მუშაობდნენ დაინფიცირებულ კონტიგენტთან, რაც მიუთითებს, რომ დამოკიდებულება, რომელსაც საზოგადოების წევრები – ექიმებიც კი – იჩენენ მსოფლიოში მძვინვარე ვირუსული დაავადების (CoVID-19) მიმართ, ჯერ კიდევ მოითხოვს მეტ ძალისხმევასა და კონცენტრირებას პრობლემის ირგვლივ თითოეული ჩვენგანისგან!

არსებულმა გამოცდილებამ უარყო ზოგიერთი არამეცნიერული თუ მითოსური მოსაზრება, თითქოს ამ ახალ ვირუსულ შტამს გააჩნდეს სპეციფიკური ეთნიკური „ორიენტაცია“. 

ცხადია, ჯერჯერობით კაცობრიობის ბიოსამედიცინო და კლინიკური ცოდნა კორონავირუს SARS-CoV-2-ის შესახებ შემოსაზღვრულია! ეს კანონზომიერიცაა. გავიხსენოთ რამდენი დრო და რესურსთა რა განუზომელი მობილიზაცია დასჭირდა აივ ინფექცია/შიდსთან ან „C“ ჰეპატიტთან შერკინებასა და იმ შედეგების მიღწევას, დღეს რომ გვაქვს. 

ყველაფრის პროგნოზირება ხომ ისედაც წარმოუდგენელია! ამას მედიცინის შორეული და უახლესი ისტორიაც გვიდასტურებს. თუმცა მედიკოსები მსოფლიოში არსებული სიტუაციის ანალიზზე დაყრდნობით გვაფრთხილებენ, რომ დიდი ალბათობითაა მოსალოდნელი დაავადების შემთხვევების ზრდა!

სტატისტიკა მნიშვნელოვანი რამაა, მაგრამ როცა საქმე ცალკეული ადამიანის სიცოცხლეს ეხება, აქ იგი კარგავს ეგზისტენციურ შინაარსსაც და ყოვლისმცოდნეობის მანტიასაც! აკი ჩვენთვის თითოეული ადამიანის სიცოცხლეა ფასდაუდებელი. თითოეული ადამიანის დაკარგვაა აუნაზღაურებელი დანაკლისი და ძნელად გამოსათქმელი ტრაგიკული განცდების წყარო!

დასაწყისშივე მოგახსენეთ რეკომენდირებული ჰიგიენური წესების განუხრელი დაცვის აუცილებლობის შესახებ. აქ საკუთარი კრიტიკული მოსაზრება ვერაფერი საიმედო მოკავშირეა ადამიანისთვის. მოვერიდოთო რომ გვეუბნებიან, გვირჩევენ და გვთხოვენ –  ჩვენც უპირობოდ უნდა მოვერიდოთ მცირერიცხოვან შეკრებებსაც კი, ყოველნაირ თავყრილობებს, სხდომებს, შინაური სუფრების გამართვას, არააუცილებელ კონტაქტებს… ცოტა ხნით უნდა გადავდოთ ეს ყველაფერი! აკი საფრთხე კარსაა მომდგარი! ამის სანაცვლოდ, სამწუხაროდ, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ახლა მეტისმეტად საჭირო სიფრთხილე მათ მიერ დაგეგმილ ღონისძიებას ან საზეიმო ვახშამს არ ეხება. გავიხსენოთ, რომ მსგავსად ფიქრობდნენ ისინიც, ვინც ახლა კარანტინშია ან საავადმყოფოში.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული რეკომენდაციები ავტორიტეტული ექსპერტებისა და საერთაშორისო ინსტიტუციების მიერაა  შემუშავებული და მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს საკუთარ საიტზე. ასე რომ,  ჩვენს მიერ მოფიქრებული არგუმენტები ამ რეკომენდაციებს ვერ გადაწონის.

პირადად მივიღე შეტყობინებები საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების გაუქმების შესახებ აპრილსა და მაისში იტალიიდან და გერმანიიდან. სავარაუდოდ, გაუქმდება სხვა სიმპოზიუმებიც, კულტურული ღონისძიებებიც და საქმიანი შეხვედრებიც სხვა ქვეყნებშიც ზაფხულის თვეებშიც.

ჯერ რთულია ზუსტად იმის თქმა, როდისთვის გადაიდება ეს ღონისძიებები. გავიხსენოთ, რომ ყოველგვარი სტრესული სიტუაციის შემდგომ საზოგადოების სხვადასხვა ფენის ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაციაც მოითხოვს დროსა და რესურსებს.

ერთი ასპექტია კვლავ – ჩვენი დამოკიდებულებები: არა უშავს, მე ხომ დღეს უკვე რამდენჯერმე დავიბანე ხელიო, – გავივლებთ გულში. ის კი არ გვაშფოთებს, რამდენ საეჭვო, ვირუსის შემცველი წვეთებით პოტენციურად დაბინძურებულ ზედაპირს შევეხეთ ბოლო ხელბანვის შემდეგ სადარბაზოში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ლიფტში, ოფისში, მაღაზიაში, ბანკში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საპირფარეშოებში, საკუთარ ავტომანქანაში, რომლითაც ნაცნობები გადავიყვანეთ, როდესაც კარი გამოვაღეთ, ფული გადავიხადეთ, ავტობუსის სავარძელს მოვეჭიდეთ ან ვერ დავიცავით ერთმეტრიანი დისტანცია მეზობელი მგზავრისგან, ის კი ახველებდა ან აცემინებდა...

თუმცა ჯერ კიდევ არაა დაზუსტებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რა ვითარებაში ან რომელი ცხოველი შეიძლება იყოს დაავადების წყარო, ჯანმო აქვეყნებს რეკომენდაციას, რომლის თანახმადაც უნდა დავიბანოთ ხელები უმი ხორცის დამუშავების შემდეგაც, ხოლო ხორცისთვის გამოყენებული დანა და დაფა აღარ გამოდგება მომზადებული კერძისთვის. ცხადია, ხორცი კარგად უნდა დამუშავდეს კულინარულად (თერმულად). ასევე უნდა მოვერიდოთ კონტაქტს ცხოველებთან. აკი კორონავირუსები ფართოდაა გავრცელებული ცხოველებს შორის. სავარაუდოდ, ჩინეთში SARS-CoV-2-ის გავრცელება დაიწყო ბაზრიდან სადაც ვაჭრობდნენ ზღვის პროდუქტებით, გარეული ცხოველებით და ა. შ.   

covid19

ასე რომ, ვიდრე კიდევ გვაქვს დრო, საკუთარი თავი უნდა ვაიძულოთ, ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ყურადღებით! უნდა ვისწავლოთ უსაფრთხო ცხოვრება მოცემულ ურთულეს სინამდვილეში! ამისთვის სულაც არაა საჭირო, ემოციებს რომ ავყვეთ – პირიქით, ზედმეტი ემოცია და შიში ხელს შეგვიშლის გონივრულ აზროვნებასა და მოქმედებებში, ასევე ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებაში!

არც სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების სხვა წესების დაცვა უნდა დაგვავიწყდეს! იქნებ ცოტა ხნით გადავდოთ წონის დასაკლები მკაცრი დიეტა! გაზაფხულია და ვიტამინების ნაკლებობის თავიდან აცილებაზეც ვიფიქროთ. არც პრევენციული გამოკვლევების/ანალიზების ჩატარება იქნება ურიგო – არ გამოგვრჩეს ზამთარგადატანილი ორგანიზმის ან ჩვენი ცხოვრების თანამდევი ქრონიკული დაავადებების პრობლემები: გულსსიხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების სხვადასხვა პათოლოგია, შაქრიანი დიაბეტი და მისთ.

მტკიცე უარი უნდა ვთქვათ მოგზაურობაზე, მივლინებაზე, მომლოცველობაზე! თუ ადრე საშიში ქვეყნების ჩამონათვალი არსებობდა, ახლა ქვეყნების უმეტესობაშია რეგისტრირებული ინფექციის შემთხვევები. არ ღირს გარისკვა ილუზიების გამო. დიახ, ნამდვილად არ ღირს რეალური საშიშროების უგულვებელყოფა. არადა, მიუხედავად ამ გაფრთხილებებისა, მაინც მიემგზავრებიან უცხოეთში ჩვენი თანამემამულეები. 

მეორეს მხრივ, ადამიანები გაურბიან კარანტინის გამო ჩაკეტილ რეგიონებს. არ ითვალისწინებენ იმას, რომ შესაძლოა, თან წაიღონ ახალი კორონავირუსი და ამ ვირუსით დაინფიცირების საფრთხეც. ამიტომაც ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ გამოიჩინა მაღალი სოცილაური თვითშეგნება და უარი თქვა უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებაზე. ამგვარივე მოსაზრებით ჩრდილოეთ იტალიის მცხოვრებთა ერთი ნაწილი არ გაიქცა სამხრეთში.

ეს ყველაფერი რომ დავწერე, ამის საბაბი მეგობრების მიერ ჩემთვის გადმოგზავნილი, ერთი ქართველი ქალბატონის წერილი გახლდათ სწორედ იტალიიდან:

„არასდროს მინახავს ბოლომდე ფანტასტიკური ჟანრის ფილმები და არც მსგავსი ლიტერატურა მაინტერესებდა დიდად. როგორ წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი სიუჟეტის ერთ-ერთი მოქმედი პირი გავხდებოდი. არადა, დღეს იტალიამ აბსოლუტურად სხვა რეალობაში გაიღვიძა: დაცარიელებული ქუჩები, დახურული მუზეუმები, თეატრები, სამხატვრო გალერეები, სპორტული დარბაზები, აუზები, ბარები, რესტორნები. გადაიდო ყველა სახელმწიფო თუ პირადი ღონისძიება. შიშის მომგვრელია იტალია ხმაურისა და მოძრაობის გარეშე. ზოგიერთ რეგიონში მხოლოდ დრონები დაფრინავენ სიტუაციის გადასაღებად. იტალიის თერთმეტი რეგიონი ჩაკეტილია!  აკრძალულია შესვლა, გამოსვლა... ეპიდემიის ზონებად გამოცხადდა ლომბარდია, ბერგამო, პადოვა, ტრევიზო, ემილია, მარკე, პიემონტე... უმძიმესი სიტუაციაა ვენეციაში.

მაღაზიების, სავაჭრო ცენტრებისა და კვების ობიექტების პერსონალს, ჟურნალისტებს ეკრძალებათ ერთ მეტრზე ნაკლები დისტანციით მიახლოება ადამიანებთან. აუცილებელია ყველა ინდივიდს თან ჰქონდეს თავისი ჭიქა და წყლის ბოთლი.  კანონის დარღვევისთვის სამთვიანი ციხე და 200 ევრო ჯარიმა გველოდება.

ამის მიუხედავად, ინფიცირებულების რიცხვი ყოველწამიერად იზრდება. „წითელ ზონებად“ გამოცხადებულ რეგიონებში არ ყოფნით მედპერსონალი, ხელოვნური სუნთქვის აპარატურა, ჰიგიენური ხელსაწყოები... დაავადებულთა შორის არიან რამდენიმე ქალაქისა და პროვინციის მერი და გუბერნატორი, ექიმები, მოსამართლეები, მთავრობის წევრები... კორონამ ვატიკანშიც შეაღწია.

მთავრობამ 7 მილიარდი ევრო გამოყო საავადმყოფოების გადასაკეთებლად, აღსაჭურვად და მედიკამენტების შემოსატანად ქვეყანაში. ადგილობრივ პოლიკლინიკებში გახსნილია სპეციალური სერვისები, სადაც არალეგალებს უფასოდ ემსახურებიან.  

წუხელ ღამით გარდაიცვალა ახალგაზრდა ვენეციელი ექიმი კიარა ვილფონი. იგი მთელი ამ დღეების განმავლობაში ბოლო წუთამდე იბრძოდა სხვების სიცოცხლის გადასარჩენად! 

... ასეთია დღევანდელი ჰიჩკოკური რეალობა და, სამწუხაროდ, ამას ვერ გავექცევით! თუმცა სიცოცხლე გრძელდება, ჩემო ძვირფასებო! მეტი სიყვარული, მეტი პატიება, მეტი რწმენა, მეტი ღმერთი ჩვენს გულებში და ყველაფერი კარგად იქნება!“ 

ჩ ვ ე ნ ი P. S. :  მადლობა ქალბატონ მანანას ამ წერილისთვის. ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანისთვისაა მნიშვნელოვანი კონკრეტული ადამიანის მიერ პირადად აღქმული ვითარების აღწერა და არგუმენტირებული მითითებანი სიფრთხილის გამოსაჩენად. 

იმასაც ვიტყვი, რომ მსოფლიო ყოველთვის ცდილობს იმსჯელოს, იფიქროს, ლიტერატურული, კინო, კომიქსების ან სხვა ენით აღწეროს მსგავსი საშინელი სცენარი და მზადაც იყოს მისთვის, მაგრამ მიუხედავად ამ ძალისხმევისა, სამწუხაროდ, ყოველთვის მოუმზადებელი ხვდება მას. ეს ცხოვრების კანონზომიერებაა. მზადება კი იმ უთვალავი მაღალი დონის კვლევებითაც გამოიხატება, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები რომ ატარებენ. გამოჯანმრთელების ათასობით შემთხვევაც ხომ არაა შემთხვევითი! მაგრამ გამოწვევები ყოველთვის აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს. 

წმიდა წერილი გვასწავლის, რომ რაც შეუძლებელია ადამიანისთვის, იგი შესაძლებელია ღმრთისათვის: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ“ (ლუკა, 18, 27).

ჩვენც მეტი ვილოცოთ, ვიპკუროთ ნაკურთხი წყალი, ვიცხოთ ზეთი... ვაკმიოთ ჩვენს სახლებშიც და სამუშაო ადგილებზეც, სადაც ამის შესაძლებლობაა...

რაც შეეხება, მორწმუნე ადამიანების – ეკლესიის წევრების მონაწილეობას საეკლესიო საიდუმლოებებში, წარმოუდგენელია, იგი სერიოზული დისკუსიის საგანი რომ გახდეს, მით უმეტეს ეკლესიის წიაღის გარეთ. მოსაზრების გამოთქმა ისედაც ყველა მოქალაქის პირადი უფლება და თავისუფლებაა. თუმცა უნდა გაითვალისწინონ, რომ სარწმუნოება, საეკლესიო საიდუმლოებანი, წირვა-ლოცვა თითოეული მორწმუნის საკრალური ცხოვრებაა, ეს ღმერთთან თითოეული ჩვენგანის, მორწმუნის, ქრისტიანის პირადი ურთიერთობაა. ამიტომაც რაციონალური გონების მიერ მოფიქრებული ესა თუ ის „გამოსავალი“ ხშირად შეიძლება გაუფრთხილებლობის, დაუდევრობის თუ კადნიერი დამოკიდებულების გამო შეურაცხყოფდეს მორწმუნეთა ყველაზე უფრო წმინდა გრძნობებს, მათ პიროვნულ ღირსებას, ქრისტეს ეკლესიასა და თავად უფალ ღმერთსაც კი! 

სარწმუნოების, ეკლესიური ცხოვრების, სინდისის თავისუფლების მიღწევა ხომ ჩვენი, პოსტკომუნისტური და პოსტსაბჭოთა საზოგადოების უდიდესი მონაპოვარია. ამ ბოლო დროს კი ამას ვივიწყებთ ხოლმე. ზოგიერთნი ისევ ცდილობენ, მათეული, ბოლშევიკურს მიმსგავსებული რეგულაციები მოახვიონ თავს ეკლესიას.  

უფალი მოწყალეა, გვმფარველობს, გვიცავს... ჩვენს გამოფხიზლებასაც ცდილობს. მავანმა კი ეპიდემიის საშიშროება და არსებული სერიოზული ვითარება ეკლესიის მიმართ საკუთარი ნეგატიური გრძნობების გამოსახატავად გამოიყენა. ღმერთმა შეუნდოთ! 

კაცობრიობას ანუ თითოეულ ჩვენგანს მეტი სიყვარულის გაცემა გადაარჩენს, ჭეშმარიტი და უანგარო სიყვარულის, ქრისტესმიერი სიყვარულის ჩუქება ირგვლივ მყოფთათვის. ამინ! 

ძალისხმევა არ უნდა დავზოგოთ CoVID-19-ის შეჩერებისთვის!

ყველას გისურვებთ ღვთის წყალობას, სულიერ და ხორციელ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!

 

არქიმანდრიტი ადამ ახალაძე.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 

საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის 

დეპარტამენტის თავმჯდომარე 

Created by Joomla.ge