კოვიდ-19 ანუ კორონავირუსი
რა არის კოვიდ-19?
კოვიდ-19 ანუ კორონავირუსი, რესპირატორული დაავადებაა. ის მსოფლიოში ჩინეთის ვუჰანის პროვინციიდან გავრცელდა. კოვიდ-19 კორონავირუსების ოჯახს განეკუთნება და აქამდე უცნობი ვირუსია. სხვა კორონავირუსების მსგავსად, ის თავდაპირველად ცხოველებში გავრცელდა. პირველად დაინფიცირებულთა უმეტესობა მუშაობდა ან ხშირად დაიდოდა ვუჰანში, ჰუანანის ზღვის პროდუქტების ბაზარში. ამ დროისთვის მსოფლიოში ვირუსით 100,000-მდე ადამიანია დაინფიცირებული. დაახლოებით, 55,700 მათგანი გამოჯანმრთელდა და 3,400-ზე მეტი დაიღუპა.
რა სიმპტომები აქვს კორონავირუსს?
კოვიდ-19-ის პაციენტებს რესპირატორული, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. დადგინდა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.
სიმპტომებს შორისაა:
სიცხე მშრალი ხველა დაღლილობა სუნთქვის გართულება
რა გართულება შეიძლება მოჰყვეს დაინფიცირებას?
კორონავირუსმა შესაძლოა ფილტვების ანთება გამოიწვიოს. მას ანტიბიოტიკები არ შველის, რადგან ის ვირუსული პნევმონიაა. ვირუსი, ყოველი ექვსიდან ერთ ადამიანს ურთულდება, რაც სუნთქვის გაძნელებაში გამოიხატება. ზოგიერთ პაციენტს ანთება ორივე ფილტვზე უვითარდება. დაავადების გართულებას შესაძლოა ორგანოების ფუნქციონირების შეწყვეტა და გარდაცვალება მოჰყვეს. ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფში ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები არიან მაგალითად, ისინი ვისაც აწუხებს მაღალი წნევა, გულის პრობლემები ან დიაბეტი.
რამდენი შემთხვევაა საქართველოში?
საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევა დადასტურდა. ყველა შემთხვევის მიზეზი მაღალი რისკის ქვეყნებში (ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა და ჩინეთი) მოგზაურობას უკავშირდება. საქართველოს შემთხვევაში ეს ირანი და იტალიაა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 140 ადამიანია. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი 42.
რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს:
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით:
- მიმართეთ ოჯახის ექიმს თუ გაქვთ ტემპერატურა, ხველა, სურდო, მაგრამ ამასთან: არ გიმოგზაურიათ ბოლო 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში, ასევე არ გქონიათ კონტაქტი დაავადებულ და/ან მაღალი რისკის ქვეყნებიდან (ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა და იტალია) ჩამოსულ პირთან.
- მიმართეთ ინფექციურ საავადმყოფოს თუ: ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობდით ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში და დაგიფიქსირდათ ტემპერატურა 37.5 ან მეტი, ხველა, სუნთქვის გაძნელება; ან არ დაგიფიქსირდათ ტემპერატურული რეაქცია, მაგრამ გაქვთ სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციის სხვა ნიშნები და ამასთან, ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურეთ ან/და გქონდათ კონტაქტი კორონავირუსით დაინფიცირებულ დაავადებულ პირთან;
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ოჯახის ექიმის 24-საათიანი სატელეფონო კონსულტაციით. მათ სამედიცინო დაწესებულებასთან 112 გადაამისამართებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.stopcov.ge.