აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

სიტყვის მოქანდაკეობა

დღეს თამარ მეფის უნივერსიტეტი, არც მეტი, არც ნაკლები – თავად ლეო ანთაძეს მასპინძლობდა.

leo antadze

ისე კი – უფრო რეალისტური ის იქნებოდა, მეთქვა, რომ ამ საღამოს მონაწილენი, ანუ ამ დიდებული საღამოს სივრცის ბინადარნი გახლდით ლეო ანთაძის არტისტული სალონის სტუმრები. 

თუმცა – რეალიზმზე გამახსენდა – იმისთანა მეხუთე თუ მეშვიდე განზომილება შემოგვთავაზა ამ საღამომ, იმისთანა რეალურ დროსა და სივრცესთან „კეთილად აცდენილ“ გარემოში აღმოვჩნდი, რომ მგონი მთელი ეს ტექსტი სიურეალისტურად უნდა გავმართო. მართლა ძალიან კარგი რამაა ეს სიურეალიზმი, თუნდაც იმით, რომ ბევრს არც ესმის, არც მოსწონს და არც აინტერესებს.

leo antadze

იმას ვამბობდი, ჩემო ბატონო, თუ საქართველოში ვინმე მართლა არტისტად დაბადებულა, თუ ვინმესთვის მელპომენესა და თალეიას აკვანშივე უკოცნიათ – ერთს მარჯვენა და მეორეს მარცხენა საფეთქელზე, ერთი პირველთაგანი სწორედ ლეო ანთაძეა.

ცხოვრების მანძილზე ბევრი მსახიობი შემხვედრია და კიდევ უფრო მეტი სცენაზე (ეკრანზეც) მინახავს. არც მთავარი როლების რიცხვით მოვხიბლულვარ და არც დიდი თეატრ/კინომცოდნეების დაწერილი რეცენზიებითა და კრიტიკული სტატიებით. რადგან მიმაჩნია, რომ თეატრი მართლა ტაძარია – ხელოვნების, სიტყვის, მუსიკის ტაძარი და იქ მხოლოდ ღვთისგან ხელდასხმულნი უნდა მსახურებდნენ. სხვანაირებისადმი ინტერესი კარგა ხანია გამინელდა და მხოლო ამნაირებს – ღვთისნიერებს ვეძებ.

ასეთი კი ჩვენი ლეოა – დიდებული, განუმეორებელი, სულით ხორცამდე, მთელი გულით და ყველა გრძნობით ჩართული საბედისწერო თამაშში. 

ამიტომაც მიჰყვები და ენდობი, სულერთია ვის და რას ითამაშებს – ბავშვურ ოცნებაში ხორცშესხმულ ტარიელს თუ სცენაზე ექვსასჯერ მაინც გამოჭენებულ ზურიკელას... 

მერე უფრო მეტს „ახერხებს“. 

leo antadze

ხოლო „ბახტრიონს“ რომ წაიკითხავს სცენაზე, აქ ერთდროულად ითამაშებს ვაჟასაც, ლუხუმსაც, სანათასაც, ზეზვასაც, მგზავრსაც, ხოშარელებსაც, ცხრავე სუმელჯაურსაც, ბათაკის ძე ჭინჭარაულებსაც, ხარია ხოშარაულსაც, ჭორმეშელებსაც, ჭიელებსაც, ღულელებსაც, ხახმატელებსაც, აფხუშელებსაც, მახინცაურსაც, მათურელებსაც, ცაბაურებსაც, გაბიდოურებსაც, ქადაგსაც, კვირიასაც, ლელასაც, შანშესაც, ხოშარეულსაც, გივი სუმელჯისაც, ლაშქარსაც, გველსაც, წიწოლასაც და თავის თავსაც.

უფრო მეტიც – იგი ამ სამანებს მიღმა გადასვლასაც გაბედავს და თითოეულ სიტყვას ითამაშებს. აი ეს კი დიდოსტატობაა უკვე. 

ლეო ანთაძესთან თითოეული სიტყვა იძენს იმგვარ დრამატურგიულ სრულყოფილებას, რომ პერფორმანსის დამოუკიდებელ პერსონაჟად იქცევა. 

თითოეული სიტყვა, როგორც დამოუკიდებელი პერსონაჟი, თანდათან, სპექტაკლიდან სპექტაკლამდე უფრო მეტად იხვეწება, შინაარსით იტვირთება, საოპერო წარმოდგენის მოქმედ პირს ემსგავსება – ამას კი არანაირ უზუსტობას, მერვედ ტონსაც კი არ აპატიებს ქანდარა.

ამიტომაც: 

„მარტო რად სტირის დიაციო“ 

კი არ წარმოითქმის, არამედ: 

„მარტო“ 

„რად“ 

„სტირის“ 

„დიაცი“

„?“    

თითოეულ სიტყვას აქვს უფლება, ღირსება და პატივი ლეო ანთაძის თეატრში.

დღევანდელ საღამოს კი სხვათა შორის ერთი სიტყვის შესრულებით გამაოგნა. 

„აყრუებს ტყესა და ველსა“ – ეს ფრაზა უნდა დაეწყო მსახიობს.

პირველი სიტყვის „აყრუებს“ შესრულებას ლეომ შვიდი წამი მაინც მოანდომა და შიგ ჩააქსოვა ამოძახილიც, ექოც, დამაყრუებელი ოხვრაც... ეს უკვე ერთი მსახიობის მარტო კი არა, ერთი სიტყვის თეატრი იყო!

ჰოდა, რა გასაკვირი იყო, დაწერილი სიტყვის ამ ამომკითხველს და ამომთქმელს ქართული სიტყვის სიცოცხლის მოქანდაკე რომ ვუწოდე იქვე.

აკი თეატრალური მსახიობის მისიაც ეგ არის: ნაწერ სიტყვას მიანიჭო სიცოცხლე, სისხლი გადაუსხა მეტყველებას, რომ არ ჩაკვდეს ქუჩის ხმაურში!

ამას კი სჭირდება ნაწერი სიტყვა გულის ფიცარზე ჯერ დაიწერო, მერე ამოიგლიჯო იქიდან, სულიც შთაბერო და ასე აქანდაკო სათითაოდ!

ნაქანდაკარი სიტყვა მშვენიერი რამაა, მაცოცხლებელი, მსმენელისაც და იმისაც, ვინც რომ მადლიანად დაწერა და ჩვენ დაგვიტოვა დედა ენის უკვდავებისთვის!

თურმე რაშია მსახიობის მსახურება!

არქიმანდრიტი ადამი – ვახტანგ ახალაძე

6 დეკემბერი, გრიგოლ ფერაძის ხსენების დღე, 2018 წელი

თამარ მეფის უნივერსიტეტის წმინდა გრიგოლ ფერაძის კაბინეტი.  

Created by Joomla.ge