ნარკოპოლიტიკა საქართველოში: თანამედროვეობის გამოწვევები
საქართველოს საპატრიარქოსა და კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „ნარკოპოლიტიკა საქართველოში და თანამედროვე გამოწვევები“.
ფორუმი გახსნა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ. მან აღნიშნა: „ყველა პრობლემური და დილემური საკითხი, რომლის მოგვარებასაც ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ორგანიზაციები და საზოგადოებრივი მოძრაობები მოითხოვენ, იმ შემთხვევეაში შეიძლება მოგვარდეს, თუ გადავალთ სისტემურ მიდგომაზე. წარმოუდგენელია მსჯელობა განყენებულად, ვთქვათ ლიბერალიზაციაზე, რადგან იგი შეიძლება არ იყოს სასურველი ეფექტის მომტანი, თუ იმავდროულად არ ამუშავდება პრევენციასა და განათლებაზე ორიენტირებული პროექტები და რეაბილიტაციისა და მკურნალობის პროგრამები. საჭიროა სახელმწიფოსგან უფრო მეტი ინვესტიციის ჩადება, რათა მოხდეს მოთხოვნის შემცირება, მიწოდების შემცირება, საგანმანათლებლო და პრევენციული მიმართულებების განვითრება, ახალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მეტი სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნა“.
მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ქალბატონმა სოფიო კილაძემ, წმიდა საყდრის დესპანმა საქართველოში მისმა აღმატებულებამ ხოსე აველინო ბატენკურმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ.
კონფერენციის მონაწილეებმა მოიმინეს ოთხი მოხსენება:
- სოციალური კომუნიკაციის დოქტორი, პროფესორი პეტრო საკო – ეკონომიკური ზეწოლა მარიხუანას ლეგალურ (და მასობრივ) ვაჭრობაზე;
- პარმის ჰოსპიტალური კონსულტაციების და სასწრაფო დახმარების ფსიქიატრი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი პაოლო ოსოლა – კანაბინოიდები და მენტალური ჯანმრთელობა;
- საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი თეა გოგოტიშვილი – ნარკოდამოკიდებულების პრევენციის აქტუალობა;
- ადიქციის კვლევისა და კონსულტაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა – ნარკოდამოკიდებულთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია საქართველოში.
მოხსენებების დასასრულ გაიმართა საინტერესო დისკუსია.