წმიდა კეთილმსახური მეფე თამარისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
2013 წლის 4 თებერვალს უნივერსიტეტში წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის მიცვალების 800 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიებამ გააგრძელა „თამარ მეფის კვირეული“, რომელიც უნივერსიტეტში 31 იანვარს წმიდა თამარ მეფის მიცვალების დღეს დაიწყო.
კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა არქიმანდრიტმა ადამმა. მან დალოცა დამსწრენი, ყველას მიულოცა დღევანდელი დღე და გააცნო სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის ინიციატივა – 2013 წელი გამოცხადდეს თამარ მეფის წლად.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი მერაბ ბოჭოიძე, პოეტი და საზოგადო მოღვაწე ემზარ კვიტაიშვილი, შინდისის თამარწმინდის – წმიდა თამარ მეფის დედათა მონასტრის იღუმენია თამარი დებითურთ, სხვა სასულიერო პირები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სამეცნიერო ნაშრომები თამარ მეფის შესახებ: არქიმანდრიტი ადამი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი: „წმინდანი და თანამედროვეობა: კეთილმსახური მეფე თამარი“; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი მანანა ტუსკია – „თამარ მეფის იამბიკო „ცასა ცათასა“ – პროფესორ რევაზ სირაძის მეცნიერული ძიებანი; ისტორიის დოქტორი, სრული პროფესორი ზაზა წურწუმია – „თამარი, როგორც პიროვნება და მონარქი“ ; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სრული პროფესორი ელენე კავლელაშვილი – „თამარის გულსაკიდი სანაწილე ჯვარი“.
კონფერენცია გაგრძელდა სამეცნიერო დიალოგით მომხსენებლებსა და დამსწრე საზოგადოებას შორის. დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები.
„თამარის კვირეული“ 31 იანვარს დაიწყო წმიდა თამარ მეფის მიცვალების დღეს. ამასთან დაკავშირებით არქიმანდრიტმა ადამმა (ახალაძემ) იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში წირვა–ლოცვა აღავლინა, რომელსაც დაესწრნენ თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები. თამარ მეფის პარაკლისები შესრულდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტსა და მეფე თამარის სახელობის დედათა მონასტერში.