თამარ მეფის უნივერსიტეტის მილოცვა ქართულ-ებრაულ მუზეუმს
დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის დაარსებიდან 85 წლის იუბილის მისალოცად მუზეუმის დირექტორს პროფესორ გივი ღამბაშიძესა და მუზეუმის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა არქიმანდრიტმა ადამ ვახტანგ ახალაძემ გადასცა მისალოცი ადრესი და გამოჩენილი თანამედროვე მხატვრის ვლადიმერ ჯიბუტის ფერწერული ტილო.
ამ დღეებში ჩვენი საზოგადოებრიობა აღნიშნავს დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ–ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის დაარსებიდან 85 წლისთავს.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი სიხარულით უერთდება ამ უმნიშვნელოვანესი თარიღის აღნიშვნას.
ჩვენი უნივერსიტეტი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს საქართველოს ებრაელთა მუზეუმთან სასწავლო, სამეცნიერო და საზოგადოებრივი მიმართულებებით. ეს ურთიერთობანი ყოველდღიურად ფართოვდება და სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. ეს კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თამარ მეფის უნივერსიტეტისთვის, სადაც ფუნქციონირებს შიმონ პერესის სახელობის სამეცნიერო–სასწავლო ცენტრი ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტორიითა და ქართველ ებრაელთა ეთნოლოგიური კვლევების ლაბორატორიით. ჩვენთანვე ეყრება საფუძველი ქართულ–ებრაულ ბიბლიოთეკასა და ჰოლოკოსტის კედელს, როგორც მეხსიერების ადგილს.
ჩვენს დიდ მეგობრებსა და თამარ მეფის უნივერსიტეტის მხარდამჭერებს, მუზეუმის დირექტორს ბატონ გივი ღამბაშიძეს, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარეს ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილს, მუზეუმის ყველა თანამშრომელს, მეგობარს, შემომწირველს, ყველა ქართველ ქართველსა და ქართველ ებრაელს ვულოცავთ ამ დიდებულ იუბილეს და ვუსურვებთ დღეგრძელობას, წარმატებებს, ქართულ-ებრაული ურთიერთობების განვითარებას მთელი ქვეყნიერების საკეთილდღეოდ!
რექტორი
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი, არქიმანდრიტი ადამ
ვახტანგ ახალაძე
თბილისი.
2018 წლის 27 სექტემბერი.