საქართველოს ებრაელთა პროზის ანთოლოგიის პრეზენტაცია
თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში საქართველოს ებრაელთა პროზის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას უმასპინძლა შიმონ პერესის სახელობის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრმა და ლიტერატურულმა სალონმა „მირკანმა“. ამასთან დაკავშირებით სასწავლებელს ეწვივნენ სუმრები ისრაელიდან: გაერთიანება „გულთა კავშირის“ წარმომადგენლები – პაატა იოსებაშვილი (პრეზიდენტი), შალვა წიწუაშვილი (პროექტის ხელმძღვანელი), რობერტ ადარი (აჯიაშვილი), იაკობ აჯიაშვილი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქალბატონი იზოლდა მოშიაშვილი, ექიმი, პუბლიცისტი ანა კოლი (შიმშილაშვილი) პერსონალური მოწვევით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, სამეცნიერო, ლიტერატურული, ხელოვნების სფეროების, ქართული საზოგადოებრიობისა და ებრაული თემის თვალსაჩინო წარმომადგენლები.
საპატიო სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი. მან ისაუბრა ქართულ-ებრაული ურთიერთობების ისტორიულ, თანამედროვე, სამომავლო, ღირებულებით და საკაცობრიო ასპექტებზე, „საქართველოს ებრაელთა პროზის“ და სხვა მსგავსი გამოცემების მნიშვნელობაზე.
ბატონმა გივი ღამბაშიძემ და ჯამლეტ ხუხაშვილმა თავის სიტყვაში ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობების სამომავლო პერსპექივებზე და ებრაელთა ქართული თემის როლზე ამ საკითხში, UNESCO–ს მიერ ამ ურთიერთობების აღიარების მიმდინარე პროცედურულ საკითხებზე არამატერიალურ კულტურული ძეგლად.
საქართველოდან ისრაელში ასული ებრაელების ქართულენოვანი მრავალტომეულის პროექტის თაობაზე ისაუბრა ბატონმა შალვა წიწუაშვილმა – იდეის ავტორმა და პროექტის ხელმძღვანელმა. მან მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის რექტორსა და საჩუქრად გადასცა წარდგენილი წიგნი – „საქართველოს ებრაელთა პროზა“.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს დელეგაციის წევრებმა: პაატა იოსებაშვილმა, რობერტ ადარმა, ანა კოლმა, იზოლდა მოშიაშვილმა, რომელმაც საკუთარი ლექსი წაიკითხა საქართველოს მონატრებაზე.
სტუმრებს მიესალმნენ: მაკა ჯოხაძე, ბაღათერ არაბული, ვაჟა აზარაშვილი, ნოდარ კობერიძე, დავით შემოქმედელი, მარინა კოშკაძე, მანანა დანგაძე.
მამა ადამმა წაიკითხა ახალგაზრდა, აწ გარდაცვლილი მწერლის, მიხეილ აჯიაშვილის მინიატურული პროზაული ნაწარმოები „რამე“. სწორედ ამ ტექსტიდან ფრაგმენტს გთავაზობთ ქვემოთ:
„...ვიცი, რომ ვეხვევი სიცარიელის ხვეულებს. ვიცოდი, რომ მომიწევდა ამ ცოდნის აღმოჩენა ჩემში. მეცოდინება, რომ ეს, წარსულის უსასტიკესი დაღით დაშანთულობა, მოთავსებულია ცნობიერების სიღრმეთა უსაგნობაში...
სიზმრები მხარზე გადმოვილაგე და
ვახელ თალებს, ვით ფართე სარკმელს...
ესეც შენი რამე, მაგრამ რა მე?!–
გენაცვალე, ყურებამდე მომენატრე!“