აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

დღეს თამაზ ჭილაძე დაკრძალეს

დღეს თამაზ ჭილაძე დაკრძალეს. სამების ტაძრიდან გამოსვენებულ მწერალს მცირერიცხოვანი ხალხი მიაცილებდა. კარიბჭესთან შემომხვდა პროცესია. ის, ვისაც ეგონა, რომ გამოსვენება 15 საათზე შედგებოდა, ამგვარ ან უარეს დღეში აღმოჩნდა. პოეტების და მწერლების ქვეყნიდან ესღა შემოგვრჩა. თავიც კი არ შევიწუხეთ. პოეტი არ გვეტკინა. აღარ გვტკივა.

imedinews

„ქართული ალმანახის“ პირველ ნომერში (2016) გამოვაქვეყნეთ ბატონ თამაზის ლექსები მომავალი წიგნიდან. არც კი ვიცი, მოასწრო თუ არა მისი გამოცემა. მცირე წინასიტყვაობა დავუწერე. იქიდანაა ეს ამონარიდი: „...და კიდევ, ახლა რომ ვცდილობ, ლიტერატურული პორტრეტის ესკიზი მაინც მოვხაზო, ამის საშუალებას ის „სეანსიც“ მაძლევს, მაშინ რომ შედგა. ის მცირე დრო ამასაც ეყო თურმე. ვუყურებ აგერ წლების მერე ჩემს გულში აღბეჭდილ პორტრეტს, რომელზეც პოეტი ალიან ჰგავს თავის ლექსებს – ღრუბლებში თავშერგულებს, ჩოხა–ახალუხივით მოხდენილებს, ენძელებივით აწვდენილებს, იმათ ნატიფ სტრიქონებს, მჭვირვალ აზრებს, დაკრეფილ სიტყვებს...

და დანანებით ვფიქრობ: ზღვასავით დრო გასულა.“

თუმცა დანანებაც არის და დანანებაც.

ახლა, როცა ქართულმა მიწამ შესანახად მიიბარა თამაზ ჭილაძის სხეული, როცა მის ბიოგრაფიაში უკვე გაჩნდა ჩანაწერი გარდაცვალების შესახებ, ახლა მაინც სავსებით განსხვავებულად გადავშლით მის წიგნებს. გარდაცვლილი პოეტის სტრიქონები აკი უფრო ფასობს, ვიდრე ცოცხალისა. დასანანია. იკითხეს ვის ასაფლავებთო. თამაზ ჭილაძესო, მივუგეთ. იმათ: ვინ არისო, არ ვიცითო. დამენანა, ოღონდ აღარ მახსოვს უფრო რა დამენანა, ჩემი ქვეყანა, ჩემი მშობლიური სიტყვაკაზმული მწერლობა, დღევანდელი უბადრუკობა თუ...

ერთი ვიცი: პოეტის ბედისწერა არ დამნანებია. განა იმაზე მეტი რაღა უნდა მოგცეს შემოქმედმა, რომ პოეტად დაგბადა.

„გამოვიარე გზა ეკლიანი,
გამოვაღწიე მზეში ჩეროდან,
გულს მიხეთქავდა მტრობა კი არა,
შენ რომ არ გწამდა, რაც მე მჯეროდა.“

მამა ადამი

Created by Joomla.ge